დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი ინტერნეტში აიტვირთა 2010 წელს. მას საფუძვლად დაედო თინათინ მარგალიტაძის საერთო რედაქტორობით გამოცემული ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომები.
ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე. 80-იან წლებში რედაქტორების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ითავა არსებული მასალის შეგროვება, საფუძვლიანი გადამუშავება, შევსება და გამოსაცემად მომზადება. 90-იანი წლებიდან სარედაქციო კოლეგია შეუდგა ლექსიკონის მასალის გაციფრებას და ათასობით ბარათის კომპიუტერში შეყვანას. 1995 წელს დაიწყო ლექსიკონის ტომებად გამოცემა და დღეისათვის გამოქვეყნებულია 14 ტომი, რომელიც 2500-მდე ნაბეჭდ გვერდს მოიცავს.
დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია. იმის გათვალისწინებით, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია უამრავი შესიტყვება, ფრაზული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური, ასევე ეკონომიკური, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია - ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს.
ონლაინლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური სიტყვის, შესიტყვების, ფრაზული ზმნისა და ფრაზეოლოგიური ერთეულის მოძიება, ასევე ქართული სიტყვებისა და ფრაზების მოძებნაც (იხ. ონლაინლექსიკონის ტექნიკური ინსტრუქცია).
ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის, პედაგოგებისათვის, მთარგმნელებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, ასევე ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის. ლექსიკონი გარკვეულ სამსახურს გაუწევს ქართული ენით დაინტერესებულ უცხოელებსაც.
ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად იცვლება მასზე მოლაპარაკე საზოგადოების ცვლილების კვალდაკვალ. ენაში ჩნდება ახალი სიტყვები, ან უკვე არსებულ სიტყვებს უვითარდება ახალი მნიშვნელობები; ხმარებიდან გადის რიგი სიტყვებისა და მნიშვნელობებისა; განუწყვეტლივ იცვლება სიტყვების გამოყენების რეგისტრი: ორი ათეული წლის წინ სლენგად დარეგისტრირებული სიტყვები, დღეს ჩვეულებრივ სასაუბრო სიტყვებად გვევლინება, ნეიტრალური მნიშვნელობის სიტყვებმა დროთა განმავლობაში შეიძლება უხეში / ვულგარული ელფერი შეიძინოს; ჩნდება უამრავი ახალი რეალია, რასაც ასახვა სჭირდება ენაში და ა.შ.
ზემოთ აღნიშნული მით უფრო აქტუალურია ინგლისური ენისათვის, რომელშიც ცვლილებები მისი განვითარების ყველა ეტაპზე ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც. ინგლისურ ენას ამისათვის ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, კერძოდ: იგი ოთხი სახელმწიფოს - დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ერთადერთი სახელმწიფო ენაა; ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა კანადაში, ფრანგულ ენასთან ერთად და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აფრიკაანსთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობების ენაა, მეცნიერების ენაა და ა.შ.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ლექსიკონის არა მხოლოდ შედგენა და გამოცემა, არამედ მასზე დღენიადაგ მუშაობა, დახვეწა, განახლება, შევსება.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ლექსიკონის ახალი სიტყვა-სტატიებით შევსებას, მნიშვნელობების დახვეწა-დაზუსტებას, განახლებას. 2022 წელს გამოქვეყნდება „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის“ მესამე შევსებული და განახლებული ვერსია.
ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მადლიერებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას თუ წინადადებას, წინამდებარე დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინლექსიკონთან დაკავშირებით.
ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია:
© † შუქია აფრიდონიძე, თინათინ მარგალიტაძე (მთავარი რედაქტორი), გიორგი მელაძე,
† არიანე ჭანტურია, გელა ხუნდაძე
რედაქტორები: † გულიკო ანთელავა, ხათუნა გურიელი, ნათია კვერნაძე
გამომცემელი: თინათინ მარგალიტაძე
|