ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
ლექსიკონის შესახებ ბეჭდვა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს, რომელსაც საფუძვლად დაედო თინათინ მარგალიტაძის საერთო რედაქტორობით გამოცემული დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომები. აღნიშნული ტომების გამოცემა დაიწყო 1995 წელს და დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 13 ტომი (ასოები A – O).

წინამდებარე ონლაინ-ლექსიკონი არ არის დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბეჭდური გამოცემის სტერეოტიპული ვერსია. საფუძვლიანად გადამუშავდა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომები, რომლებიც 1980-90-იან წლებში მომზადდა და გამოიცა. ონლაინ-ვერსიაში ასევე შევიდა ასოები P – Z, რომლებიც ტომების სახით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამჟამად ონლაინ ლექსიკონი მოიცავს "დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" 13 ტომსა (A – O) და ასოებს P-დან Z-ის ჩათვლით. 2012 წლიდან განახლდება ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომეულის გამოცემა. 2012 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდება ლექსიკონის მე-14 ტომი, ასო P, 2013 წელს Q – S (მე-15 ტომი), 2014 წელს კი მე-16 ტომის (T - Z) გამოცემით ლექსიკონის ტომეულის ბეჭდვა დასრულდება. ამის შემდეგ დაგეგმილია ლექსიკონის ორ ტომად გამოქვეყნება. განიხილება ლექსიკონის iPhone-თან, iPad-თან და სხვა პლანშეტურ კომპიუტერებთან თუ სმარტფონებთან თავსებადი ვერსიების შექმნის შესაძლებლობაც.

დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია. იმის გათვალისწინებით, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია უამრავი შესიტყვება, ფრაზული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური, ასევე ეკონომიკური, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია - ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს.

ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური სიტყვის, შესიტყვების, ფრაზული ზმნისა და ა.შ. მოძიება, ასევე ქართული სიტყვებისა და ფრაზების მოძებნაც (იხ. ონლაინ-ლექსიკონის ტექნიკური ინსტრუქცია).

ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის, პედაგოგებისათვის, მთარგმნელებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, ასევე ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის. ლექსიკონი გარკვეულ სამსახურს გაუწევს ქართული ენით დაინტერესებულ უცხოელებსაც.

ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად იცვლება მასზე მოლაპარაკე საზოგადოების ცვლილების კვალდაკვალ. ენაში ჩნდება ახალი სიტყვები, ან უკვე არსებულ სიტყვებს უვითარდება ახალი მნიშვნელობები; ხმარებიდან გადის რიგი სიტყვებისა და მნიშვნელობებისა; განუწყვეტლივ იცვლება სიტყვების გამოყენების რეგისტრი: ორი ათეული წლის წინ სლენგად დარეგისტრირებული სიტყვები, დღეს ჩვეულებრივ სასაუბრო სიტყვებად გვევლინება, ნეიტრალური მნიშვნელობის სიტყვებმა დროთა განმავლობაში შეიძლება უხეში / ვულგარული ელფერი შეიძინოს; ჩნდება უამრავი ახალი რეალია, რასაც ასახვა სჭირდება ენაში და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული მით უფრო აქტუალურია ინგლისური ენისათვის, რომელშიც ცვლილებები მისი განვითარების ყველა ეტაპზე ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც. ინგლისურ ენას ამისათვის ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, კერძოდ: იგი ოთხი სახელმწიფოს - დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ერთადერთი სახელმწიფო ენაა; ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა კანადაში, ფრანგულ ენასთან ერთად და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აფრიკაანსთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობების ენაა, მეცნიერების ენაა და ა.შ.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ლექსიკონის არა მხოლოდ შედგენა და გამოცემა, არამედ მასზე დღენიადაგ მუშაობა, დახვეწა, განახლება, შევსება.

ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ლექსიკონის ახალი სიტყვა-სტატიებით შევსებას, მნიშვნელობების დახვეწა-დაზუსტებას და ა.შ. სარედაქციო კოლეგიის მიერ განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სიახლეების გვერდზე და ლექსიკონის ბლოგზე.

ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მადლიერებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას თუ წინადადებას, წინამდებარე "დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონთან" დაკავშირებით.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0164